logo
ENG



"ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს გამოძიებაზე" - კობახიძე თავდასხმებზე

19 ივნ 202312:24
3 წუთის საკითხავი
 
"ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს გამოძიებაზე" - კობახიძე თავდასხმებზე
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბოლო დროს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება. ის მმართველი პარტიის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობას გამოძიებაზე იღებს.

"ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს გამოძიებაზე, ბუნებრივია, საჭიროა ყველა ასეთი ფაქტის გამოძიება. რა თქმა უნდა, ძალადობა არის არასწორი, არის მიუღებელი და ამას სჭირდება, ბუნებრივია, გამოძიება და ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ასეთი საკითხების გამოძიება", - ამბობს ის.

კითხვაზე, ხედავს თუ არა კობახიძე ხელისუფლების პასუხისმგებლობას, როცა მსგავსი თავდასხმები წახალისებულია, ის პასუხობს:

"ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარია, დასრულდეს პოლარიზაცია, შემცირდეს რადიკალიზმის ხარისხი. არიან კონკრეტული ძალები, რომლებიც პირდაპირ, ხელოვნურად ცდილობენ პოლიტიკური ვითარების პოლარიზებას, ცდილობენ რადიკალიზმის შემოტანას და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გადადის ხოლმე ძალადობაში. ეს არის ძალიან ცუდი, მე ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც წაახალისებს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას", - განაცხადა მან.

მიუხედავად იმისა, რომ კობახიძემ ძალადობის წახალისებაში ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე არ ისაუბრა, გირჩი - მეტი თავისუფლების წევრები ბოლოდროინდელ თავდასხმებს სწორედ ამას უკავშირებენ და აღნიშნავენ, რომ ეს ქართული ოცნების წარმომადგენლების დისკრედიტაციულ კამპანიის შედეგი იყო.

***

17 ივნისს გორის სმარტთან გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ - ამასთან, ბორჯომის სასტუმროში, სადაც პარტიის ბანაკი მიმდინარეობდა, ძალადობრივი ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ, ისინი ადგილზე მყოფებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და მათ მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილნი, მობილიზებულმა ჯგუფის წევრებმა სასტუმროს ქვებიც დაუშინეს.

ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა ვატო შაქარიშვილმა ინციდენტის შესახებ პოსტი თავდასხმიდან მალევე დაწერა და მომხდარს პირველი, დეტალურად გამოეხმაურა. შაქარიშვილი ხელისუფლების სატელიტი ერთ-ერთი ძალადობრივი ჯგუფის ლიდერია - ის და ძალადობრივი ჯგუფის სხვა წევრები მეორე დღეს ფრანკლინის კლუბის ღონისძიებაზეც მივიდნენ გასაპროტესტებლად. ფრანკლინის კლუბიც არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმის სამიზნე.


close დახურვა